ცხინვალი 2007 წლის პრიორიტეტებს განსაზღვრავს
სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვაზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ცხინვალის მთავარი პრიორიტეტი იქნება 2007 წელს, განაცხადა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ თავის საახალწლო მიმართვაში.
“მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება თავშეკავებას იჩენს ჩვენი რესპუბლიკის აღიარების მიმართ, მისი [სამხრეთ ოსეთის] რეპუტაცია საგრძნობლად გაიზარდა და [2006 წლის 12 ნოემბრის] დამოუკიდებლობის რეფერენდუმმა და საპრეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურეს, რომ ჩვენი სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფო შემდგარი ფაქტია“, – განაცხადა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ახალი წლის დადგომამდე.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარემ იური მოროზოვმა განაცხადა, რომ 2007 წელი “ძალიან რთული წელიწადი იქნება“.
“ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა მივაწოდოთ ჩვენი რეფერენდუმის შედეგები საერთაშორისო საზოგადოებას და მივაპყროთ მათი ყურადღება იმ ფაქტზე, რომ არ არსებობს სხვა გზა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის, გარდა დამოუკიდებლობის მოპოვებისა და რუსეთის ფედერაციაში გაერთიანებისა“, – განაცხადა მოროზოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2007 წელი უნდა გახდეს საქართველოსგან ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვების წელი, რადგანაც ექსპლოატაციაში შევა რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან დამაკავშირებელი გაზსადენი.
ამასობაში, ქართული მედია იტყობინებოდა, რომ 2 იანვარს პრეზიდენტი სააკაშვილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ჩასვლას და სოფელ თამარაშენის მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)