ახალი ამბები

ბურჯანაძე ევროპარლამენტის რეზოლუციას “ისტორიულს” უწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიესალმა ევროპარლამენტის მიერ 26 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციას და შეაფასა, როგორც “მნიშვნელოვანი პოლიტიკურ–მორალური“ მხარდამჭერი დოკუმენტი.


ევროპარლამენტის რეზოლუცია აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტების მშიდობიანი მოგვარებისაკენ მოუწოდებს. რეზოლუცია ასევე აღნიშნავს კონფლიქტების მოგვარებისათვის ეფექტური და მიუკერძოებელი სამშვიდობო ოპერაციების მნიშვნელობას, რომელიც უნდა მოიცავდეს პოლიციურ ელემენტებს და საჭიროების შემთხვევაში, მზადყოფნას გამოთქვამს ახალ სამშვიდობო ფორმატში ევროკავშირის მონაწილეობის თაობაზე.


“ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, აღმასრულებელ მხარეს საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირი ჩაერთოს საქართველოში, სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების საკითხში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე და აქვე იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში გაზიარებული იქნება ევროპარლამენტარების მოწოდებები.


ნინო ბურჯანაძე ასევე მიესალმა რეზოლუციის იმ ნაწილს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს თავი შეიკავოს საქართველოს კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობის მხარდამჭერი ცალმხრივი ნაბიჯებისაგან და ასევე გააუქმოს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიღებული ზომები.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპელი კოლეგების მხარდაჭერას “უპრეცედენტო“ უწოდა.


თუმცა, რეზოლუცია იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს არ წარმოადგენს. ამასთან, 25 ოქტომბერს სტრასბურგში ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ფინეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში პაულა ლეჰტომაეკმა ნათლად მიანიშნა, რომ ევროკავშირი არ გეგმავს თავისი სამშვიდობოების სამხრეთ ოსეთში გაგზავნას.   


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button