ახალი ამბები

“ოსების ხსნის კავშირი“ ალტერნატიულ არჩევნებს გეგმავს

ახლად შექმნილმა ორგანიზაციამ “ოსების ხსნის კავშირმა“ 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ 12 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში “ალტერნატიული საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის“ ჩატარებას გეგმავს.


იმავე დღეს სეპარატისტული ხელისუფლება დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას აპირებს.


ორგანიზაციის აქტივისტებმა 24 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართულ სოფელ ერედვში პრესკონფერენცია გამართეს.


“ოსების ხსნის კავშირის“ ერთ-ერთი ლიდერია ვლადიმერ სანაკოევი, რომელიც ცნობილია თავისი კრიტიკული პოზიციით სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიმართ და თბილისში განლაგებული ტელეკომპანია “ალანიას“ პოლიტიკური პროგრამის წამყვანია. გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზიას, რომელმაც სამხრეთ ოსეთში მაუწყებლობა რუსულ ენაზე გასული წლის ნოემბერში დაიწყო, ოფიციალური თბილისი მფარველობს.


“ჩვენი ინიციატივის მიზანია, რომ დავანახოთ ოსებს და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ედუარდ კოკოითის ალტერნატივა არსებობს“, – განუცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მაია ჩიგოევა-ცაბოშვილმა “სივილ ჯორჯიას“ 24 ოქტომბერს.


ჯგუფმა ასევე ჩამოაყალიბა ე.წ. ალტერნატიული ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელსაც უზუგბარ ქარქუსოვი ხელმძღვანელობს.


ჯერ-ჯერობით ალტერნატიულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კანდიდატები არ დაურეგისტრირებია, განაცხადა მაია ჩიგოევა-ცაბოშვილმა.


თუმცა, ქართული მედია ვარაუდობს, რომ სულ ცოტა ორი საპრეზიდენტო კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას ალტერნატიულ არჩევნებში – მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი და ჯემალ ქარქუსოვი.


მაია ჩიგოევა-ცაბოშვილს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “იბერ-ირონის“ ხელმძღვანელია, სურდა სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა სეპარატისტულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი განაცხადი არ მიიღო.


ჯემალ ქარქუსოვი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანია. თუმცა, სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან უთანხმოების შემდეგ იგი ოსმა სამართალდამცავებმა 2005 წლის აპრილში იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააპატიმრეს. ქარქუსოვი 2005 წლის ნოემბერში ციხიდან გაიქცა. 


ე.წ. ალტერნატიული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უზუგბარ ქარქუსოვი ჯემალ ქარქუსოვის ძმაა.


ამასობაში, სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება 24 ოქტომბერს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის ჩაშლის მიზნით რეგიონში პროვოკაციებს გეგმავენ.


თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი იღებს მონაწილეობას: ედუარდ კოკოითი, ოლეგ გაბოძე, ინალ ფუხაევი და ლეონიდ თიბილოვი. ორი უკანასკნელი კოკოითის მთავრობის წარმომადგენლები არიან, ხოლო გაბოძის შესახებ ინფორმაცია მიუწვდომელია. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ კოკოითის სურვილით მონაწილეობენ მისი კონკურენტები არჩევნებში, რათა არჩევნებს კონკურენციის სახე მიეცეს.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button