skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში: აფხაზეთს აღიარებენ კოსოვოზე გადაწყვეტილების მიუხედავად

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღარებენ, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კოსოვოსთან დაკავშირებით, იუწყება “აფსნიპრესი“ 20 ოქტომბერს. 


“სრულიად შესაძლებელია, რომ აშშ–მ დაარწმუნოს სერბეთი აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა…ჩვენ კი შეიძლება გვითხრან: მიაღწიეთ საქართველოს თანხმობას და გაღიარებთო. მაგრამ საქართველო ასეთ ნაბიჯზე არასოდეს არ წავა, ამიტომაც ჩვენ დამოუკიდებლობის მიღწევის სხვა გზას ვირჩევთ“, – განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.


მისი თქმით, იგი ცოტა ხანში მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს, ევროკავშირს, ევროპის საბჭოს, გაეროს უშიშროების საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით.   ასეთი მიმართვა დე ფაქტო პარლამენტმა უკვე გაუგზავნა რუსეთის აღმასრულებელ და საკონონმდებლო ხელმძღვანელობას.


სერგეი ბაღაფშის განცხადებით, მას და სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს უკვე ჰქონდათ საუბარი ამ თემაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.


“ჩვენ ვუთხარით პრეზიდენტ პუტინს, რომ დაჟინებით მოვითხოვთ ჩვენი რესპუბლიკების [აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის] სუვერენიტეტის ცნობას“, – აცხადებს ბაღაფში.


სავარაუდოდ ეს საუბარი შედგა 29 სექტემბერს სოჭში, სადაც ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა ეკონომიკურ ფორუმზე ერთობლივად მიიღეს მონაწილეობა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button