სააკაშვილი რუსეთის “არაპროვოცირებულ იერიშზე“ საუბრობს
12 ოქტომბერს Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად რუსეთის ზეწოლისა, საქართველო “მოუფიქრებელი ქმედებებით საფრთხეს არ შეუქმნის იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ.“
“დაუჯერებელი არაფერია, რომ მოსკოვი ცდილობს დესტრუქციული პასუხისკენ გვიბიძგოს, რაც შემდეგ გაამართლებს რუსეთის ქმედებას დარტყმა მიაყენოს მის სამხრეთით [საქართველოში] არსებულ წარმატებას“, – აცხადებს სააკაშვილი სტატიაში სათაურით “არაპროვოცირებული იერიში.“
მისი თქმით, გასული კვირა, როდესაც რუსეთმა საქართველოსთან საჰაერო, სარკინიგზო, საზღვაო, სახმელეთო და საფოსტო კავშირი შეწყვიტა “საკმაოდ რთული იყო ქვეყნისთვის“.
“მაშინვე, რუსეთში მცხოვრები ქართველები ეთნიკური დევნის მსხვერპლნი გახდნენ. ასეთი დევნა ევროპას 90-იან წლებში ბალკანეთის შემდეგ არ უნახავს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მან ასევე გააფრთხილა დასავლეთის სახელმწიფოები არ დახუჭონ თვალი რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ ზეწოლაზე.
“თუ საერთაშორისო საზოგადოება ჯეროვან ყურადღებას არ დაუთმობს ამ სიტუაციას – ან კიდევ უარესი, თუ ის ზეწოლას მოახდენს საქართველოზე, რომ ამ უკანასკნელმა უკან დაიხიოს, რითიც გვერდზე გადადებს თავის პრინციპებს და ღირებულებებს, – მაშინ ამ პრობლემის მეტასტაზები უბრალოდ სხვაგან გავრცელდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ “საქართველო არ აპირებს თვითნებურად ან ჩვენი მეგობრების სურვილების საწინააღმდეგოდ მოიქცეს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)