ახალი ამბები

ბურჯანაძე უარყოფს სააკაშვილზე საერთაშორისო ზეწოლას გაეროში გამოსვლის წინ

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ უარყო, რომ პრეზიდენტ სააკაშვილზე საერთაშორისო ზეწოლა განხორციელდა, რათა 22 სექტემბერს მისი გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ზომიერი ყოფილიყო.


ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილზე იყო საერთაშორისო ზეწოლა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ხელმძღვანელობით, რათა იგი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ზომიერი სიტყვით გამოსულიყო. სემნების განცხადებით, შედეგად სააკაშვილმა თავი შეიკავა რუსი სამშვიდობოების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებიდან გაყვანის კონკრეტული ვადების დასახელებისაგან.


“ბატონ სემნების ეს განცხადება ცოტა უცნაურად მართლა ჟღერს, იმიტომ რომ მე ნამდვილად ვიცი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ხავიერ სოლანასთან არანაირი საუბარი გაეროში გამოსვლამდე არ ქონია. მე ეს შემიძლია განვაცხადო სრული სერიოზულობით. რატომ დასჭირდა, ან რამდენად ინფორმირებული იყო ბატონი სემნები ამასთან დაკავშირებით მე არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი საუბარი პრეზიდენტ სააკაშვილსა და ხავიერ სოლანას შორის გაეროში გამოსვლამდე არ შემდგარა. გაეროში გამოსვლისას ჩვენ ზუსტად ვიცოდით რა უნდა გვეთქვა და რა დოზით გვეთქვა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ეს გამოსვლა კიდევ უფრო კრიტიკული ყოფილიყო, მაგრამ გვინდოდა, რომ ის კონსტრუქციული ყოფილიყო და არ ყოფილიყო დაფუძნებული ემოციებზე“, – განუცხადა ბურჯანაძემ რადიო “თავისუფლების“ თბილისის ბიუროს.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button