skip to content
ახალი ამბები

რუსეთი მიესალმება გაეროს მოხსენების პროექტს აფხაზეთზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გაეროს გენერალური მდივნის “მოხსენების პროექტი“, რომელიც უშიშროების საბჭოს წევრებს შორის გავრცელდა, “ობიექტურად ადასტურებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციის მიზეზების შესახებ ჩვენს [რუსეთის] შეფასებებს“.  


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში  ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური მოხსენება “ოქტომბრის პირველ დღეებში“ გახმოვანდება, გარკვეული დასკვნების გაკეთება უკვე შესაძლებელია გავრცელებული წინასწარი პროექტიდან.


“ვინმე ძნელად თუ არ დაეთანხმება იმ დასკვნებს, რომლებიც მოხსენებაშია მოცემული ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით: “დაძაბულობა ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის განსაკუთრებულად ქართული მხარის მიერ ზემო კოდორის ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ გამწვავდა“. ის ფაქტი, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიამ ქართული მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ მოსკოვის შეთანხმების დარღვევის 13 შემთხვევა დააფიქსირა, უკვე ბევრზე მეტყველებს. [ეს დარღვევები] აისახა უსაფრთხოების ზონაში ჯარების, სამხედრო აღჭურვილობის და საფრენი აპარატების განლაგებაში“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


მოხსენების პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ქართული მხარე აფერხებს ზემო კოდორის ხეობის ერთობლივ მონიტორინგს გაეროს დამკვირვებლების და რუსი სამშვიდობოების მიერ, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.  


ქართული მხარე კატეგორიული წინააღმდეგია ხეობის მონიტორინგში რუსი სამშვიდობოების ჩართვის და მხოლოდ გაეროს დამკვირვებლების მონაწილეობაზე თანხმდება.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, გაეროს გენერალური მდივნის მოხსენების პროექტი აფხაზეთზე ასევე ადასტურებს, რომ რუსი სამშვიდობოები კონფლიქტის ზონაში “მასტაბილიზირებელ როლს“ ასრულებენ.


“იმედი გვაქვს, რომ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენების სულისკვეთება აისახება გაეროს უშიშროების საბჭოს ახალ რეზოლუციაში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ოქტომბრის პირველ ნახევარში დამტკიცდება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button