ახალი ამბები

საგარეო უწყება რუსეთში საქართველოს საელჩოზე თავდასხმას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს მოსკოვში, საქართველოს საელჩოზე 29 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმის და “აგრესიულად განწყობილი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ ორგანიზებული არასანქცირებული აქციების“ გამო.


დღევანდელი ინციდენტის დროს ახალგაზრდების ჯგუფმა პირდაპირი იერიში მიიტანა მოსკოვში საქართველოს დიპლომატიური მისიის შენობაზე და ჩაამტვრია შენობის მინები.


“სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის მხარეს დაუყოვნებლივ აღკვეთოს მსგავსი დანაშაულებრივი და ვანდალური ქმედებები, უზრუნველყოს დიპლომატიური მისიის როგორც შენობის, ისე დიპლომატების უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ყველა შესაძლო შედეგების გათვალისწინებით დაეკისრება რუსეთის მხარეს“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ამასთან, საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს, რომ “რუსეთის მხარის თხოვნის საფუძველზე“, მიღებულია ქმედითი ზომები რუსეთის საელჩოს დიპლომატებისა და მათი ოჯახების და ამიერკავკასიის სამხედრო დაჯგუფების სამხედრო მოსამსახურეთა საქართველოდან უსაფრთხო გამგზავრების უზრუნველსაყოფად. 


 

Back to top button