skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: ვერავინ ვერაფერს საქართველოს წინააღმდეგ ვერ გაბედავს

დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა რუსეთთან გართულებულ ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ “საქართველო არის საიმედო ხელში, საქართველოს ხელისუფლებამ იცის რასაც აკეთებს და ჩვენ ვიმოქმედებთ ცივილიზებული დიალოგის ფარგლებში“.


“ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მშვიდები ამ სიტუაციაში, ვერავინ ვერაფერს საქართველოს წინააღმდეგ ვერ გაბედავს… ყველაფერი იქნება კანონის და სამართლიანობის ფარგლებში და ვიმოქმედებთ ზუსტად ისე, როგორც იმოქმედებდა ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფო თანამედროვე მსოფლიოში. აი ეს არის ჩვენი მიზანი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 29 სექტემბერს.


გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა დღეს სატელეფონო საუბარი გამართა აშშ–ს სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან კარელ დე გუხტთან.


“დღეს მქონდა მე კონსულტაციები მსოფლიო დიპლომატიის სხვადასხვა ლიდერებთან. ვფიქრობ ყველა გაგებით ეკიდება საქართველოს პოზიციას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


მან “პროპაგანდისტულ ჟესტად“ შეაფასა რუსული მხარის ნაბიჯი, რომელმაც საგანგებო რეისით 29 სექტემბერს რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია მოახდინა საქართველოდან.


“ის რომ დღეს მათ გაიყვანეს ოჯახის წევრები, მე ვფიქრობ, ეს იყო გადაჭარბებული ნაბიჯი. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში რუსებს არაფერი არ ემუქრებოდათ, არ ემუქრებათ და არ დაემუქრებათ მომავალში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო ჯაშუშური ქსელის განეიტრალება, როცა ამ ბრალდებით 4 რუსი ოფიცერი 27 სექტემბერს იქნა დაპატიმრებული.


“ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს აღარ არის მდელო, სადაც ყველამ თავის სასურველი რაღაც უნდა დაკრიფოს. ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ გვაქვს წესები, ინტერესები, კანონები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო დივერსიული, ჯაშუშური ქსელის ამოძირკვა, ბოლომდე განეიტრალება და მომავალში ბარიერების შექმნა, რათა ის კიდევ არ შეიქმნას. ჩვენ ამ ამოცანას ზედმიწევნით კარგად ვასრულებთ, მეორეს მხრივ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საერთაშორისო ნორმები იყოს დაცული“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button