skip to content
ახალი ამბები

მერაბიშვილი რუსეთს მუქარისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართულებით გარკვეული სამხედრო გადაადგილებები შეინიშნება, რაც თბილისისთვის “გაუგებარია“ და “მიუღებელი დემოკრატიული ქვეყნისათვის“.


“უახლოეს დღეებში რუსეთის ფედერაცია გეგმავს ძალიან მასშტაბური მანევრების ჩატარებას შავ ზღვაში, ამავე დროს ხდება 58–ე არმიის, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ოსეთში,  მობილიზაცია და გადმოწევა საქართველოს მიმართულებით, გარკვეული მოძრაობები შეინიშნება ახალქალაქში განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზეც“, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბიშვილმა. 


მან მოუწოდა რუსეთს თავი შეიკავოს “ყოველგვარი იარაღის ჩხარუნის და მუქარისაგან“.


შს მინისტრმა დაკავებული რუსი ოფიცრების, რომლებიც ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები, მამხილებელი კიდევ ერთი მასალა გადასცა მედიის წარმომადგენლებს და დასძინა, რომ მასალები კიდევ გამოქვეყნდება.


“მათი [რუსეთის] ოფიცრები ყოველგვარი საერთაშორისო ნორმების დარღვევით ახდენენ დივერსიულ და შპიონურ საქმიანობას საქართველოში, ამის ამსახველი კადრები გავიდა მსოფლიოს თითქმის ყველა სატელევიზიო ეთერში, სადაც თვალნათლივ ჩანს, თუ როგორ გადასცემდნენ ფულს, აძლევდნენ დავალებებს, გადადიოდნენ მეზობელ ქვეყანაში და როგორ უკეთებდნენ ორგანიზებას კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button