skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი რუსი “ჯაშუშების“ დაპატიმრებაზე კომენტარს აკეთებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთის რეაქციას ოთხი რუსი ოფიცრის დაპატიმრებასთან დაკავშირებით “ზედმეტი ემოციისა და დაძაბვის გარეშე“ უნდა უპასუხოს.


რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა 28 სექტემბერს შეწყვიტა, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება თბილისიდან რუსეთის ელჩს გაწვევის თაობაზე. რუსეთმა ასევე ურჩია თავის მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და განაცხადა, რომ საქართველოდან თავისი მოქალაქეების “ნაწილობრივ ევაკუაციას“ იწყებს.


სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უკვე დაუწესა საქართველოს ყველა შესაძლო სანქციები სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვით. 


“მე მიმაჩნია, რომ ყოველგვარ ასეთ საკითხს ჩვენ უნდა მივუდგეთ ზედმეტი ემოციის, ზედმეტი დაძაბვის გარეშე. მე უკვე წელიწადზე მეტია ვიძახი, ყოველგვარი გასაიდუმლოების გარეშე, რომ ჩვენი კონტრდაზვერვა მუშაობს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული უსაფრთხოების დაცვაზე. ეტყობა ამ ხალხს ეგონა, რომ მე ან ვხუმრობდი, ან ვტრაბახობდი. დროა, ისწავლონ მათ, რომ ჩვენ ტყუილად არაფერს არ ვამბობთ. არსებობს რაღაც ზღვარი, რომელზეც არავინ არ უნდა გადავიდეს. არსებობს საზღვარი, რომელსაც ყველა თავმოყვარე სახელწიფო ყოველთვის დაიცავს. ყველა უნდა მიხვდეს, რომ ჩვენ ვართ არა შევარდნაძის დროინდელი გაურკვეველი წარმონაქმნი, ჩვენ ვართ ნამდვილი, ქმედითი, ეფექტური დემოკრატიული სახელმწიფო. ვაკეთებთ ყველაფერს იმას, რასაც გააკეთებს ნებისმიერი სხვა დემოკრატიული სახელმწიფო“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“ჩვენ დავიცავთ ყველა სამართლებრივ პროცედურას, ყველას უფლებები იქნება დაცული. მე არ მესმის ის ისტერიკა, რომ ოჯახების წევრების ევაკუაცია უნდათ. არაფერი არ ემუქრებათ რუსი სამხედროების ოჯახის წევრებს საქართველოში, იმიტომ რომ საქართველო მოქმედებებს ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო იცავს ყველა სახელშეკრულებო ვალდებულებას, საქართველო ასევე იცავს თავის კანონებს და უნდა, რომ ყველამ პატივი სცეს ამ კანონებს. მაგრამ ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ ჩვენ გვყავს ეფექტური სახელმწიფო აპარატი და საზოგადოების მხრიდან ისინი მადლობას იმსახურებენ“, – დასძინა სააკაშვილმა.      


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button