ახალი ამბები

რუსეთი შავი ზღვის გარშემო წრიული ავტომაგისტრალის მშენებლობის ინიციატივით გამოდის

რუსეთმა შავი ზღვის გარშემო წრიული ავტომაგისტრალის მშენებელობის შესახებ ინიციატივა 27 სექტემბერს სოჭში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) ორგანიზაციის შეხვედრის ფარგლებში დააყენა.


“ინტერფაქსი“ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის იგორ ლევტინის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ BSEC–ის წევრებმა მოიწონეს ეს ინიციატივა.


საქართველოს სოჭის შეხვედრაზე ეკონომიკური განვითარების მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე წარმოადგენს, თუმცა მის უწყებაში ჯერ–ჯერობით არაფერს ამბობენ საქართველოს პოზიციაზე რუსეთის ამ ინიციატივის მიმართ.


პროექტის თანახმად, შავი ზღვის გარშემო 7 ათას კილომეტრიანი თანამედროვე სტანდარტების ავტომაგისტრალი უნდა აშენდეს, რომელიც ერთმანეთს დააკავშირებს თურქეთს, საქართველოს, რუსეთს, უკრაინას, მოლდოვას, რუმინეთს და ბულგარეთს. ამ პროექტის დაფინანსება გათვალისწინებულია როგორც ამ ქვეყნების ბიუჯეტების ხარჯზე, ისე ევროკავშირის ფონდებიდან და ასევე ბანკებიდან თანხების მოზიდვით.

Back to top button