ახალი ამბები

ბაღაფში თბილისთან მოლაპარაკებების ფორმატის გადახედვას არ გამორიცხავს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პროვოკაციებში ადანაშაულებს და არ გამორიცხავს თბილისთან მოლაპარაკებათა ფორმატის გადახედვას იმ შემთხევევაში, თუ 27 სექტემბერს ზემო კოდორის ხეობას პრეზიდენტი სააკაშვილი და უცხოელი დიპლომატები ეწვევიან.


“ელჩებმა პატივი უნდა სცენ ადრე მიღწეულ შეთანხმებებს, მათ შორის მოსკოვის შეთანხმებას. თუ ისინი კოდორის ხეობაში გაემგზავრებიან, მაშინ დაე მათთან [ქართულ მხარესთან] ისაუბრონ, ჩვენ კი შესაძლოა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებათა ფორმატის გადახედვა მოგვიწიოს“, – იუწყება 27 სექტემბერს “ინტერფაქსი“ ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.


აფხაზეთის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი ეწოდოს “სისულელე“ უწოდა.


“ეს პროვოკაცია მიმართულია იმისკენ, რომ კოდორის ხეობაში მკაცრი ზომები მიაღებინონ აფხაზეთს და რეგიონში სიტუაცია დაიძაბოს“, – განაცხადა ბაღაფშმა.


27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 13 წლისთავზე, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ხელისუფების უმაღლესი თანამდებობის პირები უცხოელ დიპლომატებთან ერთად ზემო აფხაზეთში გამგზავრებას გეგმავენ, სადაც დღესვე ოფიციალურად დაიდებს ბინას აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button