skip to content
ახალი ამბები

ბათუმის ნავთობტერმინალი და ყაზახური საწარმო ერთობლივ კომპანიას ქმნიან

დღეს ბათუმის ნავთობტერმინალსა და ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია “კაზმუნაიგაზს“  შორის გაფორმდა მემორანდუმი ახალი ერთობლივი კომპანიის – Batumi Terminals  – დაფუძნების თაობაზე. ახალი კომპანია ყაზახეთიდან ნავთობის ტრანზიტს განახორციელებს.


დღესვე ერთობლივი კომპანიის დამფუძნებლები საქართველოს პრემიერ–მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს შეხვდნენ.


ბათუმის ნავთობტერმინალის თავმჯდომარემ იან ბოდენ ნილსენმა ყაზახურ კომპანიასთან პარტნიორობას “სტრატეგიული ალიანსი“ უწოდა. მისი თქმით, ყაზახეთს შესწევს პოტენციალი, რომ უზრუნველყოს ბათუმის ნავთობტერმინალის სრული დატვირთვით მუშაობა. 


“ეს ალიანსი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან მიიღებს ძლიერ მხარდაჭერას მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკისგან“, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იან ბოდენ ნილსენმა.


მისი თქმით, ერთობლივი საწარმო 20 ათასზე მეტ ადამიანს დაასაქმებს და სერიოზულ შემოსავლებს მოუტანს ასევე საქართველოს რკინიგზას.


“კაზმუნაიგაზის“ პრეზიდენტის უზაკბაია კარაბალინის განცხადებით, ყაზახეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ თანამშრომლობას, რაც ხაზს უსვამს ნავთობის დივერსიფიცირების ყაზახურ პოლიტიკას.


Batumi Terminals–ის დამფუძნებლებმა თანამშრომლობის სხვა დეტალებზე საუბრისაგან “ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე“ თავი შეიკავეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button