ახალი ამბები

ირანისა და საქართველოს პრეზიდენტებმა თანამშრომლობის საკითხი განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ირანელ კოლეგას მაჰმუდ აჰმადინეჯადს განუცხადა, რომ თბილისს თეირანთან ურთიერთობების გაფართოება სურს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “ირნა“ 21 სექტემბერს.


პრეზიდენტებს შორის შეხვედრა 20 სექტემბერს ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც ორივე მათგანი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის გამო იმყოფება.


პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, თბილისი ირანის პრეზიდენტის დასახვედრად ემზადება. თუმცა, მისი ჩამოსვლის ზუსტი თარიღი არ სახელდება.


“ირნას“ ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა ირანის ლიდერის გამოსვლას  გაეროს გენერალურ ასამბლეაზე “ლოგიკური და კარგი” უწოდა.


თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 20 სექტემბერს ორი პრეზიდენტის შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ბირთვული იარაღის არ გავრცელების თაობაზე. ამ საკითხში ჩვენ სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტ ბუშის განცხადებას [რომელიც მან 19 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააკეთა]“.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button