ახალი ამბები

თბილისი მოსკოვის მერის სეპარატისტებთან თანამშრომლობას აპროტესტებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებით, დღეს ცხინვალის რეჟიმსა და მოსკოვის მთავრობას შორის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით სისტემატურად ეხმარება სეპარატისტებს.


“რუსეთმა უკვე დიდი ხანია უარი თქვა მომრიგებლის ფუნქციაზე და კონფლიქტის წამქეზებელ მხარედ ჩამოყალიბდა. იგი კონკრეტული ქმედებებით უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების იგნორირებით ხელყოფს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აცხადებს საგარეო უწყება 20 სექტემბერს.


სამინიტროს ინფორმაციით, 2005 წლის ზაფხულში იური ლუჟკოვმა “ჰუმანიტარული ტვირთის საფარქვეშ“ სამხედრო დანიშნულების მქონე ტვირთი გადასცა ცხინვალს და ასევე 1.5 მლნ დოლარი გამოუყო ძარის შემოვლითი გზის კაპიტალური რემონტისთვის.  “ამ გზით შესაძლებელია საკმაოდ მარტივად და სწრაფად მოხდეს ბანდფორმირებებისა და მძიმე შეიარაღების შეყვანა კონფლიქტის ზონაში“, – დასძენს საგარეო უწყება.


 


 


 

Back to top button