ახალი ამბები

მოსკოვი და ცხინვალი სამშვიდობო ფორმატების შენარჩუნებას ცდილობენ

შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) რუსეთის, სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის თანათავმჯდომარეებთან ცხინვალში 17 სექტემბერს გამართულ არაოფიციალურ შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი მიესალმა კონფლიქტის ზონაში მიმდინარე რუსულ სამშვიდობო ოპერაციას.


შსკ–ში ამ სამ მხარესთან ერთად ქართული მხარეც შედის, თუმცა ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ კომისიის ფორმატი მოძველებულია და მის შეცვლას უფრო ეფექტური საერთაშორისო ფორმატით ითხოვს.


შეხვედრას არ ესწრებოდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძე, რომელიც ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი 22 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 61-ე სესიაზე სეპარატისტული კონფლიქტების შესახებ მოხსენებით გამოვა.


“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოთხმხრივმა ფორმატმა თავისი თავი არ ამოწურა სამშვიდობო პროცესში. საჭიროა მხოლოდ უკვე მიღწეული შეთანხმებების განხორციელება ურთიერთნდობის ასამაღლებლად… არა აქვს მნიშვნელობა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს [ქართული მხარე] რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით, ისინი მაინც დარჩებიან კონფლიქტის ზონაში“, – განუცხადა, სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, კოკოითმა შსკ-ს თანათავმჯდომარეებს 17 სექტემბერს.


რუსული მხარის თანათავმჯდომარემ იური პოპოვმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ თბილისს  არსებული შეთანხმებების შესრულებაზე უარის თქმით სურს შსკ არაეფექტურად წარმოაჩინოს. 


“შსკ-ს ფარგლებში ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღწეული… აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ სურთ ჩვენს ქართველ კოლეგებს თავიანთი პოზიცია უკვე არსებულ შეთანხმებებზე დააფუძნონ. ისინი კონკრეტულს არაფერს გვთავაზობენ“, – იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იური პოპოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


სამხრეთ ოსეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა შსკ–ს ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრისკენ.


17 სექტემბრის არაოფიციალურ შეხვედრას წინ უძღოდა 15 სექტემბერს ცხინვალში დაგეგმილი შსკ-ს სხდომის ჩაშლა. მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი ქართული დელეგაციის შემადგენლობის თაობაზე ცხინვალის და თბილისის დაპირისპირება გახდა.


15 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ლიდერი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა, რათა კონფლიქტის ზონაში არსებული “შემაშფოთებელი ვითარება“ განეხილა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება იტყობინებოდა.


14 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აპირებს მოითხოვოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამშვიდობო ოპერაციების შეწყვეტა, მათი გაყვანა და საერთაშორისო პოლიციური ძალებით ჩანაცვლება. მოსკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მაინც გააგრძელებს არსებული მოლაპარაკებათა და სამშვიდობო ფორმატების ჩარჩოებში მოქმედებას, მითუმეტეს, რომ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი “პირდაპირ აცხადებენ რუსული სამშვიდობო კონტიგენტების სასიცოცხლო მნიშვნელობის“ თაობაზე.


“ამ თხოვნების იგნორირების უფლება ჩვენ არ გვაქვს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. 

Back to top button