
ნათელაშვილი არჩევნებისთვის აშშ–ს მიერ გამოყოფილ დახმარებას აპროტესტებს
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა იმის გამო, რომ 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე “სააკაშვილის ხელისუფლებას“ დამატებითი თანხები გამოუყო.
“აღნიშნული თანხები გამოყენებული იქნება არჩევნების გაყალბების, ყალბი ეგზით პოლების შექმნის, ყალბი სოციალოგიური გამოკვლევების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინების, გადაბირებისათვის და როგორც ჩანს, აშშ აქ აწყობს მეორე მინი ვარდების რევოლუციას“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
14 სექტემბერს აშშ–ს საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობამ საქართველოს დამატებით 800 ათაში აშშ დოლარი გამოუყო, რაც ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის უზრუნველყოფას და სადამკვირვებლო მექანიზმის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს. გარდა ამისა, საარჩევნო მიზნებზე სხვადასხვა ამერიკული ინსტიტუტები 13 მლნ აშშ დოლარს ხარჯავენ.