ახალი ამბები

თბილისისთვის მოსკოვის “ულტიმატუმის ტონი და ფრაზეოლოგია” მიუღებელია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების “ულტიმატუმის ტონით და ფრაზეოლოგიით“, რომელიც შეიცავს კონფლიქტებთან დაკავშირებით “ყოვლად უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელ ბრალდებებს“ ქართული მხარის მიმართ.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 14 სექტემბერს განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან მიმართებაში არსებული სამშვიდობო და მოლაპარაკებათა ფორმატები მაინც შენარჩუნდება სოხუმისა და ცხინვალის თხოვნის საფუძველზე, მიუხედავად თბილისის მცდელობისა მათ შეცვლის თაობაზე.


“საქართველო უკვე აღარ არის ის ქვეყანა, რომელთანაც შესაძლებელია ამგვარ ტონში საუბარი.  ულტიმატუმების ენა განსაკუთრებით მიუღებელია იმ ქვეყნის მხრიდან, რომელიც აცხადებს თავისი მიუკერძოებლობის შესახებ და რომელსაც პრეტენზია აქვს, ამ კონფლიქტების მოგვარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულოს“, – აცხადებს საგარეო უწყება.


მოსკოვის საპასუხოდ თბილისი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ არსებული ფორმატები არის “არაქმედითუნარიანი“ და შეუძლებელს ხდის კონფლიქტების მოგვარებას.


“საქართველოს გეგმებში არ შედის ორივე რეგიონში მიმდინარე სამშვიდობო პროცესის დემონტაჟი. საუბარია უკვე არსებული, მაგრამ დღემდე გამოუყენებელი მექანიზმების განახლების და სამშვიდობო პროცესისათვის ახალი იმპულსის მიცემის შესახებ“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და დასძენს, რომ ამ თემებზე დიალოგს მოსკოვი თავს არიდებს.


ქართული მხარე ასევე აცხადებს, რომ “უმჯობესია რუსეთის შესაბამისმა უწყებებმა უფრო მეტი ყურადღება გაამახვილონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავშეფარებული და ინტერპოლის მიერ ძებნილი ადამიანების ქმედებებზე“. 


სავარაუდოდ, საქართველოს საგარეო უწყებას მხედველობაში ჰყავდა ოფიციალური ძებნილი, ოპოზიციური პარტია სამართლიანობის პრორუსული ლიდერი იგორ გიორგაძე, რომლის მხარდამჭერებიც ქართველმა სამართალდამცავებმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ბრალდებით დააპატიმრეს.


გუშინდელ განცხადებაში, რუსეთმა, სავარაუდოდ, სწორედ გიორგაძის მომხრეთა დაკავებას უწოდა პოლიტიკური რეპრესიები.           

Back to top button