
კოკოითს დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენტი გამოუჩნდა
ქართულ-ოსური კავშირის, არასამთავრობო ორგანიზაცია “იბერ-ირონის“ ხელმძღვანელი მაია ჩიგოევა–ცაბოშვილი 12 ნოემბერს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და მიიჩნევს, რომ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის “რეალური კონკურენტია“.
“არც ერთი რეალური კანდიდატი არ და ვერ გაბედავდა დაპირისპირებას კოკოითთან. კოკოითი ფლობს სიტუაციას. ყველა ბერკეტი აქვს რომ ეს არჩევნები გააყალბოს, მაგრამ იმედი მაქვს საშუალებას მომცემს, რომ დავრეგისტრირდე [კანდიდატად]… იმედი მაქვს კოკოითს არ შეეშინდება ჩემი“, – განაცხადა 15 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მაია ჩიგოევა–ცაბოშვილმა.
იგი თავის წინასაარჩევნო პროგრამაში მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში “მშვიდობას, სტაბილურობას და აღმშენებლობას“ ჰპირდება და მხარს უჭერს ეუთოს მიერ მოწონებულ სამშვიდობო გეგმას, რომელიც ოფიციალური თბილისის მომზადებულია.
ამავდროულად, 40 წლის მაია ჩიგოევა–ცაბოშვილი თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატიცაა და ოპოზიციური პარტია მრეწველების სიით იყრის კენჭს 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სამგორის საარჩევნო ოლქიდან.