ახალი ამბები

თბილისი სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმს “კონტრპროდუქტიულს“ უწოდებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს ცხინვალის რეგიონში 12 ნოემბერს დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით და ამ პროცესს ცხინვალის რეჟიმის მორიგ “კონტრპროდუქტიულ ნაბიჯად“ აფასებს, რომელიც შეაფერხებს კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებების კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარმართვას და ასევე “მოკლებულია ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს“.


საგარეო საქმეთა სამინისტრო 15 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ რეფერენდუმის ჩატარებას მხარს უჭერენ რუსეთის მაღალი დონის პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, აღიაროს სეპარატისტული რეჟიმის დამოუკიდებლობა და ძირს უთხრიან სუვერენული სახელმწიფოების  საერთაშორისო სისტემას.


“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ სეპარატისტული რეჟიმის მიერ დაგეგმილი რეფერენდუმის როგორც მხარდაჭერა, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი მხარდაჭერისაკენ მოწოდება წარმოადგენს სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ მიმართულ დესტრუქციულ ნაბიჯს. იგი გამიზნულია ცხინვალის რეგიონში არსებული რეჟიმის შეცდომაში შეყვანისა და მათთვის საერთაშორისო საზოგადოების მიერ რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების ილუზიის თავზე მოხვევისაკენ“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 


სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის მსგავსი ქმედებები პრინციპულად ეწინააღმდეგება კონფლიქტის მოგვარების პროცესში მონაწილე მხარეებს შორის ხელმოწერილ დოკუმენტებს.


“რეალური შედეგი კი იქნება მხოლოდ სეპარატისტული რეჟიმის კიდევ უფრო გაღრმავებული იზოლაცია და ის, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში  სეპარატისტებთან ერთად იზოლაციაში თვით რუსეთიც აღმოჩნდება“, – ნათქვამია განცხადებაში.


12 ნოემბერს ცხინვალში დამოუკიდებლობის შესახებ ე.წ. რეფერენდუმთან ერთად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებიც არის დაგეგმილი.

Back to top button