
ბეჟუაშვილი სოლანას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი 14 სექტემბერს ბრიუსელში ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკავშირის საბჭოს გენერალურ მდივანს ჰავიერ სოლანას შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ბეჟუაშვილმა ევროკავშირის საბჭოს გენერალურ მდივანს გააცნო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ასევე ეკონომიკური რეფორმები.
მხარეებმა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტებიც განიხილეს. ბეჟუაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების აუცილებლობას.
ჰავიერ სოლანამ დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და იმედი გამოთქვა, რომ 2006 წელს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარდება.