skip to content
ახალი ამბები

HRW-ი საქართველოს მთავრობას პატიმართა ცუდი მოპყრობის გამო აკრიტიკებს

14 სექტემბერს გამოქვეყნებულ მოხსენებაში  – “პატიმართა უფლებების დარღვევა საქართველოში“ ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ ათასობით პატიმარი საქართველოში არაადამიანურ პირობებში იმყოფება, ბევრი მათგანი კი სასტიკი ცემის და ცუდი მოპყრობის მსხვერპლი ხდება.


“საქართველოს მთავრობა ისე წარმოაჩენს თავს, თითქოს ადამიანის უფლებებს იცავს და ბევრჯერ აქვს პირობა დადებული, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ საშინელ პირობებს მიხედავს. თუმცა, ამ პირობების შესრულების სანაცვლოდ, ხელისუფლებამ შეგნებული ნაბიჯები გადადგა ფუნდამენტალური უფლებების, მათ შორის პატიმართა უფლებების, შეზღუდვის მიზნით“, – განაცხადა Human Rights Watch-ის დირექტორმა ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ჰოლი კარტნერმა.


HRW-ი ასევე იხსენებს 27 მარტს თბილისის მე-5 საპყრობილეში მომხდარ ბუნტს, რის შედეგადაც 7 პატიმარი დაიღუპა და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ, სანამ მასზე ზეწოლა არ მოხდა, არ დაიწყო სამართალდამცავი სტრუქტურების ქმედებების გამოძიება.


მოხსენების თანახმად, საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო პირობების შექმნა პატიმართა რეაბილიტაციის მიზნით, როგორც ამას საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს.


“ევროკავშირი და სხვა დონორები საქართველოს მთავრობას მნიშვნელოვან ფინანსებს აძლევენ ახალი ციხეების ასაშენებლად. მაგრამ, მხოლოდ ფულის მიცემა და ახალი ციხეების აშენება ვერ მოაგვარებს პატიმართა ცუდი მოპყრობის საკითხს. მთავრობამ უნდა შეცვალოს თავისი მიდგომა პატიმრების მოპყრობის მიმართ და მოაგვაროს ფუნდამენტალური პრობლემები სასჯელაღსრულების სისტემაში“, – განაცხადა კარტნერმა.


Human Rights Watch-მა მოუწოდა საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები პატიმართა უფლებების დასაცავად, რისთვისაც უნდა შექმნას დამოუკიდებელი კომისია 27 მარტის ციხის ბუნტის გამოსაძიებლად.

“საერთოდ, ხელისუფლებამ პატიმართა ცუდი მოპყრობის ყველა ფაქტი უნდა გამოიძიოს და მთავრობის უმაღლეს დონეებზე გამოაცხადოს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ პატიმართა უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ“, – აცხადებს Human Rights Watch-ი.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button