ახალი ამბები

ევროკავშირი ე.წ სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის შედეგებს მნიშვნელობას არ მიანიჭებს

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ განაცხადა, რომ ევროკავშირისათვის თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში დამოუკიდებლობის თაობაზე 12 ნოემბრისთვის დაგეგმილი რეფერენდუმის შედეგებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, იუწყება 13 სექტემბერს “რია ნოვოსტი“.


“ვფიქრობ, რომ რეფერენდუმი ხელს არ შეუწყობს ამ კონფლიქტის მოგვარებას. ევროკავშირმა უკვე გამოთქვა საკუთარი შეხედულება და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განუცხადა სემნებიმ ჟურნალისტებს მოსკოვში.


მისი თქმით, ამგვარი რეფერენდუმი ადრეც ჩატარდა [1992 წელს]. “ეს ნიშნავს, რომ არაფერ ახალს ეს რეფერენდუმი არ მოგვცემს“, – დასძინა მან.


ამასობაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დნესტრისპირეთში 17 სექტემბერს დაგეგმილ რეფერენდუმს მხარდაჭერა გამოუცხადა და 13 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ევროკავშირმა არ უნდა უგულვებელყოს ამ რეფერენდუმის შედეგები.   


ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებისას აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ოსი ხალხის ინტერესები.


“აუცილებელია ავტონომიის სტატუტისა და იმ ინსტრუმენტების შემუშავება, რომელსაც ოსები საჭიროდ მიიჩნევენ თავიანთი ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა პიტერ სემნებიმ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button