ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოს დახმარებას პირდება

საქართველო – ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარემ მარი ანე ისლერ ბიგანმა 12 სექტემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება იმ რეგიონების რეაბილიტაციაში, საიდანაც რუსეთის ბაზები გავლენ; ასევე კონფლიქტების მოგვარება აუცილებლად უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით და 5 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.


ამ მიმართულებებზე საუბარია რეზოლუციაში, რომელიც საქართველო – ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტმა 12 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში გამართული სხდომის შედეგად მიიღო.


“ჩვენ გავაგრძელებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ევროკავშირში რუსეთის დელეგაციასთან, რათა მათ პოზიტიური როლი შეასრულონ კონფლიქტების მოგვარებაში. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მზად არის შუამავლის როლი იკისროს რუსეთთან მოლაპარაკებებში. შევეცდებით, სამხრეთ კავკასიის საკითხი ჩართონ ევროკავშირის დღის წესრიგში”, – განაცხადა მარი ანე ისლერ ბიგანმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.


ერთობლივი კომიტეტის ქართველმა თანათავმჯდომარემ, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ  ხაზი გაუსვა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში ევროკავშირის აქტიური ჩართვის მნიშვნელობას.


“რაც შეეხება სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლას, ამის  თაობაზე ევროკავშირთან პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს” – განაცხადა ბაქრაძემ 12 სექტემბერს.



 

Back to top button