ახალი ამბები

სააკაშვილი: საარჩევნო კამპანიას ვიწყებთ

დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გლდანში გასართობი პარკის გახსნაზე განაცხადა, რომ მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და ამომრჩეველს მოუწოდა 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა საარჩევნო ბიულეტენში ნომერ 5–ს, ნაციონალურ მოძრაობას მისცენ.


“ჩვენ გვყავს კანდიდატები მთელ საქართველოში… მაგრამ ცალკ–ცალკე ჩვენ არავინ არაფერს არ წარმოვადგენთ, ამიტომ გლდანელები, რომელიც ხმას მიცემენ მე–5 ნომერს ხმას აძლევენ [თბილისის მერობის კანდიდატს გიგი] უგულავას… მთლიანად საქართველოში ის ვინც აძლევს მე–5 ნომერს ხმას, ის აძლევს ხმას საქართველოში პროგრესის, შენების და საქართველოს გამთლიანების გაგრძელებას, აძლევს ხმას იმას, რომ ეს პროგრესი, რომელიც დაწყებულია, ყველგან მივიდეს“,  – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიცია მოქმედი საარჩევნო კანონით შეზღუდული არ არის. მისი თქმით, ოპოზიციამ იცრუა, როცა თავდაპირველად ბოიკოტზე გააკეთა განცხადებები, “დღეს კი საარჩევნო კომისიაში [ოპოზიციური პარტიების] რიგები იყო” საარჩევნო სიების წარდგენის დროს.

“მე იმედი მაქვს ქართველი ხალხის, რომელიც თეთრს და შავს კარგად არჩევს”, – დასძინა პრეზიდენტმა.
   
“დღეს ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას… გინდათ, რომ გაგრძელდეს პროგრესი, 5 ოქტომბერს ნუ დარჩებით სახლში, იმიტომ, რომ საქართველოს არაკეთილმოსურნეებს ძალიან უნდათ, რომ ეს არჩევნები ჩაფლავდეს… იმისათვის, რომ მათ არაფერი არ გამოუვიდეთ მთელ მსოფლიოს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ჩავატარეთ სამაგალითო, თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


“5 ოქტომბრის არჩევნების შედეგი მე ვიცი წინასწარ ყოველგვარი გაყალბების, ზედმეტი მანიპულაციების და ზედმეტი პროპაგანდის გარეშე, 2006 წლის 5 ოქტომბერს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილობრივ არჩევნებზე გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, აღმშენებლობა, საქართველოს მთლიანობის იდეა და ჩვენი მომავალი“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button