ახალი ამბები

ცხინვალი საომარი მოქმედებების შემთხვევაში დივერსიული აქტებით იმუქრება

8 სექტემბერს რუსულ საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმთან”  ინტერვიუში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მხარე საქართველოს ეკონომიკურ და სამხედრო ობიექტებზე დივერსიულ აქტებს მოაწყობს, თუ თბილისი საომარ მოქმედებებს დაიწყებს.


“ჩვენ არ გვაქვს იმის ამბიცია, რომ საქართველოს ტერიტორიები ჩავიგდოთ ხელში, მაგრამ თუ საქართველო ომს დაიწყებს, ჩვენ ყველა სახის სპეცოპერაციას, ყველა სახის დივერსიულ ბრძოლას მივმართავთ, რათა გავანადგუროთ ეკონომიკური და სამხედრო ობიექტები საქართველოში“, – განაცხადა მიხეილ მინძაევმა.


მისი თქმით, 8 სექტემბერს მომხდარი შეტაკება, რის შედეგადაც სამი ოსი და ერთი ქართველი ოფიცერი დაიღუპა, ხოლო ორი ქართველი დაიჭრა, არის კიდევ ერთი “ნაბიჯი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების დაწყებისა“.


მინძაევმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მხარე ჩამოაგდებს თვითგამოცხადებული რეგიონის თავზე მფრინავ ქართულ საფრენ აპარატებს. 3 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენს, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით მინისტრი ოქრუაშვილი იჯდა, სამხრეთ ოსეთის მხარემ ცეცხლი გაუხსნა.


მინძაევის თქმით, თბილისისთვის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყებისთვის ერთადერთ დაბრკოლებას კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოები წარმოადგენენ.   


 


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button