skip to content
ახალი ამბები

კობა დავითაშვილი: რესპუბლიკელები და კონსერვატორები “ხალხის ბლოკია”

დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რესპუბლიკური და კონსერვატიული პარტიების ერთიანი საარჩევნო ბლოკი სახელწოდებით  –  “დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი”  – რეგისტრაციაში გაატარა.


კონსერვატორების ლიდერი კობა დავითაშვილი, რომელმაც ორი პარტიის თანამშრომლობას “ხალხის ბლოკი“ უწოდა,  თბილისის მერობის კანდიდატია; რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი  – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად მოიაზრება, ხოლო ასევე რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი ბათუმში გაუძღვება წინასაარჩევნო კამპანიას, სადაც მისი ბლოკის უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში შესაძლოა ბათუმის მერი გახდეს.

ბერძენიშვილის ბათუმის მერად ასარჩევად, კანონმდებლობით, არც მისი სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნა და არც საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობაა აუცილებელი.


რესპუბლიკელების ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, თბილისში ბლოკის საარჩევნო კამპანიას კობა დავითაშვილი წარმართავს, რომელსაც პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება დღეს შეუწყვიტა. 


უსუფაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში ბლოკი საარჩევნო სიების პრეზენტაციას გამართავს.


“არაპარტიული ნიშნით ავარჩევთ იმ კვალიფიციურ ადამიანებს, რომლებიც დაიჩაგრნენ მხოლოდ იმიტომ, რომ  ნაციონალური მოძრაობის წევრები არ გახდნენ“, –  განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე კობა დავითაშვილმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button