skip to content
ახალი ამბები

დეპუტატები მმართველი პარტიიდან მიესალმებიან გიორგაძის მომხრეთა დაკავებას

პარლამენტის უმრავლესობის ლიდერები მიესალმნენ იგორ გიორგაძის მომხრეთა დაკავებას და განაცხადეს, რომ დღეს დაკავებული 29 ადამიანი პასუხს აგებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო.


“მათი ბრალეულობის დასამტკიცებლად მყარი საფუძველი არსებობს, თუმცა ჯერი ახლა პროკურატურაზე და საბოლოო სიტყვა სასამართლოზეა“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ.


მისი თქმით, გიორგაძის მომხრეთა ქმედებები “პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტს“. 


დეპუტატ გიგა ბოკერიას განცხადებით, შსს–ს დღევანდელი სპეცოპერაცია პოლიტიკურად მოტივირებული არ არის, რადგან გიორგაძის მომხრეებს “კონკურენტებად არ განვიხილავთ”.


ბოკერიას განცხადებით, სამართალდამცავებს აქვთ ინფორმაცია “იარაღზე, ფულზე, კონტაქტებზე, ასევე არსებობს მოწმეთა ჩვენება” დაკავებულთა წინააღმდეგ, “თუმცა ეს სამართლებრივად უნდა შემოწმდეს“.


“დემოკრატიის პირობებში ყოველთვის შეიძლება არსებობდნენ ძალები, რომელთა ღირებულებები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის ინტერესებს, მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს საფუძველი და იმედი, რომ ყველა ადამიანი, რომელიც კონკრეტულ ქმედებებს ჩადიოდა ქვეყნის წინააღმდეგ, დაისჯება“, – განაცხადა ბოკერიამ.

6 სექტემბრის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებს, მათ შორის კონსერვატორულ-მონარქისტული პარტიის ლიდერს თემურ ჟორჟოლიანს და მოძრაობა ანტი–სოროსის ხელმძღვანელს მაია ნიკოლაიშვილს, ბრალი წაეყენებათ შეთქმულებაში სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button