ახალი ამბები

ბარანკევიჩი კონფლიქტის ძალისმიერად შესაძლო მოგვარებაზე კომენტარს აკეთებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის ანატოლი ბარანკევიჩის განცხადებით, იმ ქართველმა პარლამენტარებმა, რომლებიც კონფლიქტის ძალისმიერი მოგვარების მომხრენი არიან, არ იციან რა არის ომი.


საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ 4 სექტემბერს განაცხადა, რომ შესაძლოა სამხრეთ ოსეთში პრობლემა ძალისმიერი გზით მოგვარდეს. თბილისი ბარანკევიჩს ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერს უწოდებს.


“ქართველი ხალხის სისხლით მათ სურთ მოიხვეჭონ პოპულარობა. ჩვენ – სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები – ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საკითხები მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. მე ძალიან მინდა, რომ ის ბატონები, რომლებიც კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდით მოგვარებას ემხრობიან, იყვნენ არა ტრიბუნებზე, არამედ წინა რიგებში, ვინც შეეცდება იარაღით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოსვლას. ვფიქრობ, რომ მათგან ცუდი ჯარისკაცები გამოვიდოდა“, –  იუწყება 6 სექტმებერს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ბარანკევიჩის სიტყვებზე დაყრდნობით.


დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი ასევე დასძენს, “არასდროს მოვითმენთ დამცირებას და შეურაცხყოფას ჩვენი მისამართით“.


 

Back to top button