ახალი ამბები

ვერტმფრენის ინციდენტის შემდეგ თბილისში მკაცრი რიტორიკა მატულობს

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ვერტმფრენზე თავდასხმას თბილისში მკაცრი რიტორიკის ზრდა მოჰყვა. ეს ტენდენცია აშკარაა როგორც ოპოზიციური, ასევე მმართველი პარტიის დეპუტატებს შორის.
 
რამდენიმე გავლენიანი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მისი „ნეიტრალიზაცია“ უნდა მოხდეს. ხოლო ოპოზიციონერ დეპუტატთა უმეტესობა მოუწოდებს ხელისუფლებას „ადექვატური პასუხი გასცეს ბანდიტებს“ სამხრეთ ოსეთში.
 
5 სექტემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ერთის მხრივ განაცხადა, რომ მიუხედავად ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტისა, “ჩვენ მაინც დავუჭერთ მხარს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.“ თუმცა, მეორეს მხრივ, მან იქვე დასდინა, რომ “ყველას უნდა ესმოდეს, რომ მსგავსი ქმედებები უპასუხოდ ნამდვილად არ დარჩება.“
 
ზოგიერთმა პარლამენტარმა ისიც კი განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმთან, რომელსაც თბილისში სულ უფრო ხშირად მოიხსენიებენ როგორც ‘ტერორისტულს,“ მოლაპარაკებები შესაძლოა უშედეგო იყოს. 
 
“ტერორისტებთან, ბოროტმოქმედებთან, ადამიანებთან, რომლებიც ცხრილავენ ვერტმფრენებს, პოლიტიკური მოლაპარაკება ძალიან რთულია და ეს უნდა გააცნობიერონ ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიორებმაც“, – განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 5 სექტემბერს. 
 
“უნდა მოხდეს ასეთი დესტრუქციული, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ძალების ნეიტრალიზაცია რაც შეიძლება მალე. ამგვარ რისკებს არც ერთი სახელმწიფო არ შეეგუება და არც უნდა შეეგუოს“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ნიკა რურუამ.
 
ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ გაკეთებული კომენტარები მსგავსია იმ განცხადებებისა, რომლებიც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა გააკეთეს. 
 
“გამოსაძიებელი [ვერტმფრენის ინციდენტში], ჩემი აზრით, არაფერი არ არის. გარკვეულია, რომ ეს არის ნაძირალა ხალხის გაკეთებული, რომლებსაც ძინავთ და სიზმარში ესიზმრებათ როგორ ანაწევრებენ და სპობენ ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამ ხალხთან ძალიან მოკლე საუბარი შეიძლება და ჩემი აზრით, ყველა მეთოდი და ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რათა უსწრაფესად გავავრცელოთ ჩვენი კონტროლი ამ ტერიტორიაზე [თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაზე]“, – განაცხადა პარტია მრეწველების წარმომადგენელმა, დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა. 
 
“ისე არიან გათავხედებული ოსი სეპარატისტები, რომ უკვე ესვრიან საფრენ აპარატებს, სადაც სხედან მინისტრები, პრეზიდენტები და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ მარტო დაგმობა არ არის საკმარისი, არამედ ამ ხელისუფლებამ ახლა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ძალოვანი სტრუქტურები ეფექტურები არიან. სეპარატისტებმა ან უნდა გადმოგვცენ ის დამნაშავეები, რომელთაც ეს ჩაიდინეს, ან წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა დააპატიმროს ის ხალხი“, – განაცხადა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატორებიდან. 
 
“ეს არის ელემენტარული პროვოკაცია. სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივცე არ არსებობს ბუნებაში. ეს არის საქართველოს საჰაერო სივრცე და ასეთი ქმედებები უნდა ჩაითვალოს ბანდიტურ გამოხტომად და შესაბამისი პასუხი გაეცეს“, – განაცხადა დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა. 
 
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ 4 სექტემბერს განაცხადა, რომ თბილისმა შესაძლოა ძალა გამოიყენოს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაზე კონტროლის აღდგენის მიზნით იმ შემთხვევაშიც კი, თუ თბილისი “შესაბამის” საერთაშორისო მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

Back to top button