ახალი ამბები

”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი ტელეკომპანიაზე საუბრობს

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-დან გენერალური დირექტორის ნიკა ტაბატაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტთა ერთი ნაწილი ტელეკომპანიის დატოვებაზე ფიქრობს.  
 
“რამდენიმე ჟურნალისტი  ჯერ-ჯერობით იხრება იმისკენ, რომ დატოვებენ “რუსთავი 2”-ს, რადგან ისინი არ არიან დარწმუნებულები, რომ ნიკა ტაბატაძის წასვლის შემდეგ მათ ექნებათ ჟურნალისტური მოღვაწეობის ისეთივე თავისუფლება, როგორც ჰქონდათ აქამდე“, – განაცხადა 31 აგვისტოს ტელეკომაპნია “რუსთავი2“-ის ჟურნალისტმა თენგიზ გოგოტიშვილმა რადიო “თავისუფლების” ეთერში.
 
28 აგვისტოს ტელეკომპანია “რუსთვი 2”-ის ახალ გენერალურ დირექტორად, სარეკლამო სააგენტო “სარკის“ ხელმძღვანელი კობა დავარაშვილი დაინიშნა, რომელიც, როგორც ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება იტყობინება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გიორგი არველაძესთან დაახლოებული პირია.
 
თენგიზ გოგოტიშვილის განცხადებით, არხის მფლობელს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, რომელიც თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარია, ჟურნალისტებისთვის არ აუხსნია გენერალური დირექტორის ნიკა ტაბატაძის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი. 
 
“ცხადია, არხის გენერალური დირექტორის გათავისუფლება ეს არის უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ალბათ პოლიტიკურ წრეებში მიღებული გადაწყვეტილებაა და ალბათ პოლიტიკის გამო მიღებული, თუმცა რაიმეს დაკონკრეტება ძალიან მიჭირს იმიტომ, რომ ტაბატაძის წასვლის მიზეზი ჟურნალისტებისთვის არავის არ აუხსნია“, – განაცხდა გოგოტიშვილმა.
 
გოგოტიშვილის თქმით, ნიკა ტაბატაძე ყოველთვის ახერხებდა ბალანსის დაცვას  ხელისუფლების მოთხოვნებსა და სიმართლის თქმას შორის. 
 
“დღეს უკვე ჟურნალისტები არ არიან დარწმუნებულები, რომ ვიღაც შეძლებს ამის გაკეთებას და ბალანსი ისევ ისე იქნება დაცული“,- განაცხადა გოგოტიშვილმა.
 
მისი თქმით, 11 სექტემბრამდე კიდევ არის გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელი და ჟურნალისტების ის ნაწილი, რომელმაც შესაძლოა დატოვოს ტელეარხი, საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ამ დროისთვის მიიღებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button