
არჩევნების ახალი თარიღი ოპოზიციისთვის მორიგი დარტყმა აღმოჩნდა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების თარიღად 5 ოქტომბერის გამოაცხადა, რაც ოპოზიციისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.
აგვისტოს დასაწყისში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ განაცხადა, რომ არჩევნები დეკემბრის დასაწყისში ჩატარდებოდა. დეკემბერი ოპოზიციისთვის გარკვეულ წილად მისაღები თარიღი იყო, რადგან მათ საკმარისი დრო ექნებოდათ იმის გადასაწყვეტად თუ რა ფორმით მიიღებდნენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას.
ამის გამო აგვისტოში, იმ ოპოზიციურმა პარტიებმა რომლებიც მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიურ კონსულტაციებს მართავდნენ ერთობლივი ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით, პაუზაც კი აიღეს და კონსულტაციების განახლება სექტემბრისთვის დაგეგმეს. მაგრამ ახალი თარიღის გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათ არჩევნებში წინ პრაქტიკულად შანსი არ დაუტოვა.
მეორეს მხრივ, ოპოზიციურ პარტიებს 7 სექტემბრამდე მოუწევთ შეთანხმდნენ თუ რა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, რადგან კანონის თანახმად იმ პარტიებმა რომლებსაც ბლოკში გაერთიანება სურთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შესაბამისი განცხადებით არჩევნებამდე არა უგვიანეს 28 დღით ადრე უნდა მიმართონ.
ამას გარდა, კანონის მიხედვით, იმ პარტიებმა რომლებსაც სურთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი განცხადებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა მიმართონ არა უგვიანეს 38 დღით ადრე არჩევნებამდე, ანუ 28 აგვისტოს. ეს პირობა იმ პარტიებს ეხებათ, რომლებმაც ბოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, იგულისხმება 2004 წლის საპარლამენტო არჩევნები. ხოლო იმ პარტიებმა კი რომლებსაც ბოლო არჩევნებში მონაწილება არ მიუღიათ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არა უგვიანეს 35 დღით ადრე უნდა მიმართონ.
”ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება [არჩევნების 5 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ] სრულიად მოულოდნელი იყო. მათ არჩევნები 40 დღით ადრე დანიშნეს. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებას მოატყუა, როდესაც თქვეს რომ არჩევნები დეკემბრის დასაწყისში ჩატარდებოდა,” – განუცხადა ”სივილ ჯორჯიას” 28 აგვისტოს დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ პარტია ”ახალი მემარჯვენეებიდან.”
მან ასევე განაცხადა, რომ არჩევნების თარიღით მანიპულირება მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს რათა არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ.
”ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აშკარად ეშინია,” – დასძინა მან.
რესპუბლიკელი დეპუტატის დავით ბერძენიშვილის განცხადებით ახალი თარიღის გამოცხადებით ხელისუფლებამ ”კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა საკუთარი მზაკვრობა.”
”მან მოატყუა საზოგადოება როდესაც არველაძის პირით ითქვა, რომ არჩევნები დეკემბრში ჩატარდება. ეს ოპოზიციისთვის ბევრ პრობლემას ქმნის, რადგან შემჭიდროებულია ვადები. ხელიუსფლებას დრაკონული საარჩევნო კანონის მიუხედავად მაინც ძალიან აშინებს ეს არჩევნები და ყველაფერს აკეთებენ რომ ოპონენტებს პრობლემები შეექმნათ. ოპოზიციამ ახლა სწრაფად უნდა იმოქმედოს,” – განუცხადა ბერძენიშვილმა ”სივილ ჯორჯიას” 28 აგვისტოს.
”მიმაჩნია რომ პრეზიდნეტმა ნეგატიური გადაწყვეტილება მიიღო. ეს ყველაფერი პოლიტიკური კრიზისისაკენ უბიძგებს… ამით ჩანს რომ პრეზიდნეტს არ შესწევს ძალა ლეგიტიმურად ჩაატაროს არჩევნები. ამ დრეებში პოლიტიკური პარტიები შევიკრიბებეიტ და გადავწყვეტთ თუ როგორ ვიმოქედოთ,” – განუცხადა ”სივილ ჯორჯიას” კონსერვატორული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა კახა კუკავამ 28 აგვისტოს.
ლეიბორისტები კი აცხადებენ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ არჩევნების ბოიკოტი შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება.
”ახლა ყველაზე ეფექტური ფორმაა არჩევნებნის ბოიკოტირება როგორც ოპოზიციური პარტიების ისე საზოგადოების მხრიდან. ჩვენ უნდა დავიწყოთ აქტიური აგრესიული ანტისაარჩევნო კამპანია. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი ფორმა, ეს არის იძულებითი გზა. ჩვენ კონსულტაციებს გავმართავთ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან,” – უთხრა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა ჯონდი ბაღათურიამ ”სივილ ჯორჯიას” 28 აგვისტოს.
5 ოქტომბერს არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ცნობილი გახდა 27 აგვისტოს საღამოს როდესაც შესაბამისი პრეს-რელიზი პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
”საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციების შემდეგ და სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების პოზიციების გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს 2006 წლის 5 ოქტომბერს. ეს იქნება საქართველოს ისტორიაში პირველი არჩევნები, როდესაც ყველა რაიონის და ქალაქის მოსახლეობა თავად აირჩევს ადგილობრივ ხელისუფლებას,” – ნათქვამია პრეს-რელიზში.
ამ პრეს-რელიზის თანახმად პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი 26 აგვისტოს მოაწერა – 40 დღით ადრე არჩევნებამდე. კანონის თანახმად არჩევნების თარიღი უნდა გამოცხადდეს არა უგვიანეს 40 დღით ადრე არჩევნებამდე.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით მიუღებელია, როდესაც საზოგადოებისთვის არჩევნების თარიღის შესახებ ცნობილი ხდება გადაწყვეტილების მიღებიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ არჩევნების 5 ოქტომბერს დანიშვნა, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით ნაკლებ პრობლემას შეუქმნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის პარტია ”საქართველოს გზას.” ამ პარტიამ უკვე დიდი ხნით ადრე გადაწყვიტა, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად იღებს მონაწილეობას და ყველა შესაბამისი პროცედურაც უკვე გაიარა.