skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი რეზერვისტთა რაოდენობის გაზრდას მოითხოვს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საჭიროა რეზერვისტთა რაოდენობის გაზრდა 100 ათასამდე, რათა შესაძლებელი გახდეს მოსალოდნელი „საფრთხეების და რისკების თავიდან აცილება“.  


„საქართველოს სჭირდება რეზერვისტების რაოდენობის გაზრდა იმ საფრთხეების და რისკების გათვალისწინებით და იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შესაძლო გართულებები და ხალისი დავუკარგოთ ამ გართულებების ინიციატორებს ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე პრობლემების შექმნის…ჩვენ გვჭირდება უახლოეს თევებში რეზერვისტთა რაოდენობის გაორმაგება. ჩვენ უნდა გვყავდეს მინიმუმ 100 ათასი მომზადებული რეზერვისტი“, – განაცხადა პრეზიდენტმა 15 აგვისტოს ოსიაურის რეზერვისტთა ბანაკიდან დაბრუნების შემდეგ გამართულ მთავრობის სხდომაზე.


პრეზიდენტის თქმით, რეზერვისტთა რაოდენობის გაზრდის პარალელურად  უნდა მოხდეს პირობების გაუმჯობესება და თანამედროვე სტანტარდების მქონე ბანაკების შექმნა. ამის თაობაზე დავალება უკვე მიეცა თავდაცვის და ფინანსთა მინისტრებს და ასევე პრემიერ-მინისტრს.


„უახლოეს თვეებში და კვირეებში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სრულიად ახალი ტიპის რეზერვისტთა ბანაკების შექმნაზე, სადაც იქნება მსოფლიოში საუკეთესო პირობები ჩვენი რეზერვისტებისათვის“,- განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ყველა მოქალაქის ვალია, რომ „გამოადგეს თავის სამშობლოს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button