ახალი ამბები

აფხაზეთში შეტაკება მოხდა

ქართული მედიის ცნობით, შეიარაღებულ აფხაზებსა და ქართველებს შორის 8 აგვისტოს გვიან ღამით გალის რაიონში შეტაკება მოხდა.


ამავე ინფორმაციის თანახმად, რამოდენიმე ადგილობრივი ქართველი ცდილობდა გადმოესვენებინა იმ ორი ადამიანის ცხედარი, რომლებიც 8 აგვისტოს დილით სოფელ რეფის მახლობლად აფხაზებთან მომხდარი შეტაკების დროს დაიღუპნენ.


ამავდროულად, აფხაზური წყაროები 9 აგვისტოს იუწყებიან, რომ აფხაზმა სამართალდამცავებმა გალის რაიონში “ქართველ დივერსანტთა” ჯგუფი დააკავეს. “რია ნოვოსტი“  აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის რუსლან ქიშმარიას სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შეტაკების დროს ერთი ქართველი დაიღუპა.


აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთარ ხეციამ “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ ოთხი “ქართველი დივერსანტი“ ოჩამჩირის რაიონში საფორთიფიკაციო ნაგებობების და აფხაზური ჯარების განლაგების გადაღების მიზნით იყო შეგზავნილი.


აფხაზური წყაროების ცნობით, ასევე დაპატიმრებული არიან გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარგების რამდენიმე მაცხოვრებელი, რომელთაც სავარაუდოდ კავშირი ჰქონდათ “ქართველ დივერსანტთა“ ჯგუფთან. ინფორმაცია ქართულ სოფელში დაპატიმრებულთა რაოდენობის შესახებ არ ვრცელდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button