ახალი ამბები

ეუთოს დამკვირვებლებმა ცხინვალის რეგიონში სანგრები აღმოაჩინეს

5 აგვისტოს ეუთოს დამკვირვებლებმა ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის ფარგლებში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სოფელ ტბეთთან ახლადგათხრილი სანგრები აღმოაჩინეს, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინიტრო.


თუმცა მონიტორინგის ჯგუფის მიერ ამ ფაქტის ოფიციალურად გაფორმებამდე, ეუთოს ორ დამკვირვებელს ესტონელ და უნგრელ ოფიცრებს, რომელთაც ფოტოფირზე აღბეჭდეს ახლად გათხრილი სანგრები, ოსურმა მხარემ პრობლემები შეუქმნა.


“ე.წ “აპალჩენცებმა” [დამკვირვებლებს] გზა გადაუღობეს და სოფლის სიღმეში შესვლის საშუალება არ მისცეს. შეიარაღებულმა ოსებმა დამკვირვებლებს სასწრაფოდ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და დაშინების მიზნით ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს“, – იტყობინება თავდაცვის სამინიტრო.


ამავე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალს მარატ კულახმეტოვს ეცნობა, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია.


“ეუთოს დამკვირვებლებზე აღმაშფოთებელი ძალადობის ფაქტს” და ამასთან დაკავშირებით რუსი სამშვიდობოების უმოქმედობის საკითხს ქართული მხარე 17–18 აგვისტოს მოსკოვში დაგეგმილ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე დააყენებს, იუწყება კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

Back to top button