skip to content
ახალი ამბები

ფინანსურ პოლიციას ძალაუფლების შემცირება ემუქრება

საგადასახადო ადმინისტრაციის რეფორმის შემდეგ ფინანსური პოლიციის ძალაუფლება, რომელიც ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით შეიქმნა, საგრძნობლად შემცირდება.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 4 აგვისტოს განაცხადა, რომ რეფორმა გულისხმობს საბაჟო სამსახურის და საგადასახადო დეპარტამენტის გაერთიანებას. ფინანსური პოლიცია ამ გაერთიანებული სტრუქტურის ერთ-ერთი შენაერთი გახდება და “მასთან ურთიერთობა ძალზე იშვიათ შემთხვევებში ბოლო ეტაპი იქნება“. მისი თქმით, ეს არის ახალი მიდგომის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოსა და მეწარმეს შორის “ფინანსური ურთიერთობების დეკრიმინალიზაციას“.


სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ რეფორმას “თვეები დასჭირდება“ და ზუსტი ვადა არ დააკონკრეტა.


ფინანსური პოლიცია 2004 წლის თებერვალში ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლისა და გადასახადების დამალვის საქმეების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ფინანსური პოლიცია, რომელიც ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში შედის და ამავდროულად პირდაპირ დაქვემდებარებაშია პრეზიდენტთან, საკმაოდ გავლენიან ინსტიტუტად გადაიქცა, თუმცა ის არა ერთხელ გამხდარა მწვავე კრიტიკის ობიექტი.


“ეს არ იქნება მხოლოდ მექანიკური გაერთიანება… ის უნდა წარიმართოს სრული კომპიუტერიზაციის პირობებში და უნდა გაერთიანდეს საინფორმაციო ბაზა. საგულისხმოა ისიც, რომ არც ერთი პროფესიონალი არ იქნება შემცირებული და სამსახურიდან დათხოვნილი… ამავე დროს ბიზნესმენმა უნდა იცოდეს, რომ ურთიერთობა მას ცივილიზებულ სახელმწიფოსთან მოუწევს. იგი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სახელმწიფო დასჯის ინსტრუმენტი არ არის ან, უკიდურეს შემთხვევაში, მხოლოდ დასჯის ინსტრუმენტი არ არის“, – განაცხადა სააკაშვილმა.


 


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button