ახალი ამბები

ანთაძე კარასინს ტელეფონით ესაუბრა

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მერაბ ანთაძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის 2 აგვისტოს სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ანთაძემ “უკიდურესი შეშფოთება გამოხატა“ რუსეთის მიერ ბოლო დროს კოდორის ხეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, იტყობინება სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური.


კარასინმა 2 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება კოდორში ვითარებას შეგნებულად ძაბავს, როცა ხეობაში შეიარაღებული ძალები შეჰყავს და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის იქ “ჩანერგვას“ აპირებს.


ანთაძის განმარტებით, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამმართველოები [გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობის ადგილობრივი მმართველობის ორგანო, აფხაზეთის განათლების და ასევე ჯანდაცვის სამინისტროების სამმართველოები] კოდორის ხეობაში უკვე 13 წელია, რაც  ფუნქციონირებს.


მისი თქმით, აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ კოდორის ხეობაში განთავსებული იყო ასევე აფხაზეთის შსს ქვედანაყოფი, “რომელიც კრიმინალური ბანდების თავდასხმის შედეგად იძულებული გახდა გარიდებოდა ხეობას“.


“ამჟამად საქართველოს კოდორის ხეობაში შეჰყავს [აფხაზეთის] ლეგიტიმური მთავრობა, რომელიც ადგილზე მოახდენს ამ და სხვა სტრუქტურების კოორდინაციას. ეს ნიშნავს რომ ხეობაში ვითარება დარეგულირდება“, – აცნობა მერაბ ანთაძემ კარასინს და მოუწოდა რუსეთმა  სამშვიდობო პროცესში მიუკერძოებული მედიატორის როლი შეასრულოს.


 

მსგავსი/Related

Back to top button