skip to content
ახალი ამბები

პროკურატურამ ბათიაშვილის სატელეფონო ჩანაწერები გამოაქვეყნა

დღეს გენერალური პროკურორის მოადგილემ კახა კობერიძემ გაავრცელა ირაკლი ბათიაშვილისა და ძებნაში მყოფი კოდორის ამბოხების მეთაურის ემზარ კვიციანის სატელეფონო ჩანაწერები, რაც მისი თქმით, საკმარისი მტკიცებულებაა ოპოზიციური პარტია  – წინ საქართველოს ერთ–ერთი ლიდერის ბათიაშვილისთვის ბრალის წასაყენებლად.


ამ სატელეფონო ჩანაწერების საფუძველზე ბათიაშვილს სასამართლომ 30 ივლისს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მას ემზარ კვიციანის ამბოხის ინტელექტუალური მხარდაჭერისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებები წაუყენა.


სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც 1 აგვისტოს “რუსთავი 2“–ის ეთერში გავიდა, ირაკლი ბათიაშვილი ურჩევს ემზარ კვიციანს ტელევიზიით მოუწოდოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს არ გამოიყენონ იარაღი და “არ გაისვარონ სისხლში“.


საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ნიკა გვარამიას განცხადებით, გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრები საკმარისი მტკიცებულება იყო ბრალის წარსადგენად და არა მსჯავრის დასადებად, რაც, მისი თქმით, საბოლოო ჯამში სასამართლოს გადასაწყვეტია.


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ მათ , ვისაც პრეტენზიები ჰქონდათ ბათიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, კითხვები აღარ დარჩებათ, რადგან  ბათიაშვილი კვიციანს “აძლევდა რჩევებს, რომელიც დაეხმარებოდა ამბოხის წარმატებით დასრულებაში“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button