skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციონერი ლიდერები ოქრუაშვილის კრიტიკას პასუხობენ

ახალი მემარჯვენეების, ლეიბორისტული და კონსერვატიული პარტიების ლიდერები დავით გამყრელიძე, შალვა ნათელაშვილი და კობა დავითაშვილი დღეს გამოეხმაურნენ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებს, რომელმაც  ისინი 31 ივლისს კოდორში განვითარებული მოვლენების შეფასებისას “მოღალატური განცხადებების“ გაკეთების გამო გააკრიტიკა.


“ოქრუაშვილი თუ მოღალატეს დამარქმევს, ეს არაფერს დამაკლებს. მე კარგად ვიცი რას ვაკეთებ, რას ემსახურება ჩემი მოქმედება და ვიცი, რომ ის ყველაფერი, რაც კოდორში მოხდა პირადად ოქრუაშვილის და შეიძლება სხვებისაც პროვოცირებული იყო, მოვა დრო და მე მაგაზე პასუხს მოვთხოვ“,  – განუცხადა 1 აგვისტოს ტელეკომპანია “იმედს“ დავით გამყრელიძემ.


მისი განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მეთიუ ბრაიზას ვიზიტი თბილისში, რომელმაც კოდორის ანტიკრიმინალური ოპერაცია დადებითად შეაფასა, მიზნად ისახავდა ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა შეერბილებინა. მისი თქმით, ბრაიზამ “ყური აუწია ბიჭებს და აიძულა ოქრუაშვილი, რომ გამოსულიყო და თავის მშვიდობიან მიზნებზე ესაუბრა“.

კონსერვატორების ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ ოქრუაშვილმა ოპოზიციის კონკრეტული ლიდერების დასახელებით პრეზიდენტ სააკაშვილის დავალება შეასრულა, რომელიც ოპოზიციის გაკრიტიკებისას გვარების დასახელებისაგან თავად თავს იკავებს.


“რაც არ უნდა დიდი იყოს ზეწოლა პრეზიდენტის მხრიდან ადამიანმა ყველაფერი არ უნდა იკადროს…ჩემო ირაკლი, მე შენ გისურვებ წარმატებას იმ საქმეში, რომ 2007 წლის 1 იანვარს საქართველო შეხვდეს ცხინვალში, მაგრამ არ ვისურვებდი, რომ ეს სიტყვა ისეთივე ტყული აღმოჩნდეს, როგორიც იყო” ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებები, განაცხადა კობა დავითაშვილმა ოქრუაშვილის ბრალდებების საპასუხოდ.

შალვა ნათელაშვილმა სპეცოპერაციის დაწყებამდე კოდორის მოსახლეობას და ოფიციალურ სტრუქტურებს იარაღის დაყრისაკენ მოუწოდა, “რაც შესრულდა და მე მადლობას ვუხდი ყველა შეიარაღებულ ქართველს ვინც ამ შარს აგვაცილა მიცემული ბრძანების მიუხედავად“, – განაცხადა ლეიბორისტების ლიდერმა დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე.


მან “ღალატი“ უწოდა ოქრუაშვილის ქმედებას, როცა შევიდა კოდორის ხეობის “დასარბევად“ და “გაუხსნა გზა აფხაზებსა და რუსებს უახლოეს ხანში მოახდინონ [ხეობის] ოკუპაცია“, ნათელაშვილმა ღალატად შეფასა 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებაში ოქრუაშვილის წვლილი, აგრეთვე “გაღატაკებულ ქვეყანაში“ თავდაცვის მინისტრის “მილიონერობა“, სამხედრო აკადემიის დახურვა და ოქრუაშვილის სხვა ნაბიჯები. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button