skip to content
ახალი ამბები

არველაძე: ანტიკრიმინალური ოპერაცია რამდენიმე საათში დასრულდება

კოდორის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაცია რამდენიმე საათში დასრულდება. ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ მორიგ ბრიფინგზე განაცხადა. 


“ეს ანტიკრიმინალური ოპერაციაა და მინდა გამოვეხმაურო ყველას ვინც საუბრობს ომზე, კონფლიქტზე, ჯობია შეცვალონ ეს ტერმინები“, – განაცხადა მან. 


არველაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს ბრძანება აქვს მიღებული გააკეთონ ყველაფერი კოდორის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.


მისი ინფორმაციით, ანტიკრიმინალური ოპერაციის შედეგად დაჭრილია შს სამინისტროს ორი თანამშრომელი, თუმცა მათ სიცოცლეს საფრთხე არ ემუქრება.


გიორგი არველაძემ ბრიფინგზე უარყო გავრცელებულ ინფორმაცია კოდორის ხეობაში ჩეჩენი მებრძოლების შეყვანის თაობაზე და განაცხადა, რომ “ეს სცენარები დამთავრებულია“.


მისი თქმით, ყველა პოლიტიკური განცხადება, რომელიც გაკეთდება ემზარ კვიციანის მხარდასაჭერად შეფასებული იქნება საქართველოს ღალატად. 


“საერთოდ ამ სიტუაციაში იმდენად ნათელია ამ კრიმინალების მოქმედებები და იმდენად ცხადია მათი ინტერესები და რას წარმოადგენენ და ვისი მხარდაჭერით მოქმედებენ, რომ ნებისმიერი მათი მხარდასაჭერი პოლიტიკური განცხადება ჩაითვლება პირდაპირ ღალატად“, – დასძინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button