
ივანოვი: რუსეთი შეშფოთებულია კოდორის ხეობაში შექმნილი სიტუაციით
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა შეშფოთება გამოხატა კოდორის ხეობაში შექმნილი სიტუაციის გამო და საქართველო 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
“მორიგი კონფლიქტი ღვივდება ჩვენი [რუსეთი] საზღვრების სიახლოვეს და ეს ჩვენში დიდ შეშფოთებას იწვევს“, – განუცხადა ჟურნალისტებს სერგეი ივანოვმა.
მისი თქმით, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე განლაგებულმა რუსმა სამშვიდობოებმა შეამჩნიეს, რომ რამდენიმე ქართული ვერტმფრენი, ამერიკული წარმოშობის “იროკეზის“ ჩათვლით, ჩაფრინდა ზემო კოდორში, სადაც ქართველი სამართალდამცავებისა და კვიციანის შეიარაღებული მომხრეების შეტაკებას აქვს ადგილი.
ივანოვის განცხადებით, აფხაზური ძალები კოდორის ქვემო ნაწილში არიან განლაგებულები, მაშინ როცა სპეცოპერაცია ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ზემო კოდორში მიმდინარეობს, შუაში კი რუსი სამშვიდობოები დგანან.