ახალი ამბები

ბაღაფში: კოდორის ხეობაში საჭირო ძალები გადავისროლეთ

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთის შეიარაღებული ძალები ადეკვატურ ზომებს მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ ქართული ჯარები კოდორის ხეობაში განლაგებულ 106–ე და 107–ე რუს სამშვიდობოთა საგუშაგოებს შორის ხაზს გადაკვეთენ, იუწყება 25 ივლისს “ინტერფაქსი“.


“ჩვენ გადავისროლეთ საჭირო ძალები კოდორის ხეობაში და ასევე ტყვარჩელის რაიონში. ჯერ ჩვენ არ ვერევით სიტუაციაში და მხოლოდ ვაკვირდებით მას“, – განაცხადა ბაღაფშმა.


მან დაადასტურა, რომ ქართულ მხარეს კოდორის ხეობაში დანაყოფები შეყავს.


“გადაყვანა ხორციელდება დასავლეთ საქართველოდან კოდორის ხეობისკენ მიმავალი გზით. ეს მაღალმთიანი გზა არ კონტროლდება არც აფხაზური ჯარის და არც რუსი სამშვიდობოების მიერ“, – განაცხადა ბაღაფშმა.

Back to top button