ახალი ამბები

კვიციანი ხელისუფლებას პოლიტიკურ მოთხოვნებს უყენებს

შეიარაღებული ჯგუფის “მონადირის“ ხელმძღვანელმა ემზარ კვიციანმა 23 ივლისს განაცხადა, რომ იგი მოითხოვს პარლამენტისგან არ დაამტკიცოს ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების თანამდებობებზე.


პარლამენტი უმნიშვნელოდ შეცვლილი მთავრობის ახალ შემადგენლობას 24 ივლისს განიხილავს.


“თუ პარლამენტი ისევ დანიშნავს ამ ორ მინისტრს, ხალხი გამოვა პარლამენტის დათხოვნის მოთხოვნით“, – განუცხადა კვიციანმა ტელეკომპანია “იმედს“.


24 ივლისს კვიციანმა ირონიულად განუცხადა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს, რომ მას სურს კოდორის ხეობაში მოლაპარაკებების მიზნით ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, დეპუტატი გიგა ბოკერია და სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძე. ხელისუფლების ამ წარმომადგენლებმა სასტიკად დაგმეს კვიციანის განცხადებები 23 ივლისს. ბენდუქიძის თქმით, კვიციანი უნდა “დაიჭირონ და დასაჯონ“. 


“თუ ისინი აქ [კოდორში] ჩამოვლენ, ვფიქრობ, რომ მშვიდობა დამყარდება არა მარტო კოდორის ხეობაში, არამედ მთელ საქართველოში“, – განაცხადა კვიციანმა.


თავდაპირველად 22 ივლისს, როცა კვიციანმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ცენტრალურ ხელისუფლებას, მან ამის მიზეზად თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გეგმები დაასახელა “მონადირის“ განიარაღების თაობაზე. ეს გასამხედროებული ჯგუფი თავდაცვის სამინისტროს შემდგენლობაში შედიოდა, თუმცა 2005 წელს იგი ოქრუაშვილმა დაშალა, რამაც “მონადირის“ წევრების უკმაყოფილება გამოიწვია.


თუმცა, მოგვიანებით კვიციანმა შინაგან საქმეთა მინისტრსაც შეუტია და ვანო მერაბიშვილის გადადგომა მოითხოვა. ამასვე მოითხოვენ ოპოზიციური პარტიები, რომელთაც უკვე დაგმეს კვიციანის ქმედება ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით.   


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button