ახალი ამბები

ემზარ კვიციანი ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს

ემზარ კვიციანმა, რომელიც კოდორის ხეობის გასამხედროებულ ჯგუფს “მონადირეს“ ხელმძღვანელობს, 22 ივლისს განაცხადა, რომ იგი საქართველოს ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს და წინ აღუდგება ხელისუფლების ნებისმიერ მცდელობას მისი ჯგუფის განიარაღების თაობაზე.


ემზარ კვიციანი, კოდორის ხეობის ადგილობრივი მკვიდრი, საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის წარმომადგენელი იყო ხეობაში. თუმცა, ეს თანამდებობა 2004 წლის დეკემბერში აფხაზეთის მაშინდელი ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებით გაუქმდა. 


გასამხედროებული ჯგუფი “მონადირე“, რომელშიც დაახლოებით 300-400 კაცი შედის, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხეობის აფხაზური ჯარებისგან დაცვის მიზნით შეიქმნა.   ჯგუფი 2002 წელს თავდაცვის სამინიტროს დაქვემდებარებაში შევიდა. თუმცა, 2005 წელს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დაშალა ეს შენაერთი, რამაც კოდორის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. გადაწყვეტილება ირაკლი ალასანიამაც გააკრიტიკა, რაც მისი ოქრუაშვილთან  შეუთანხმებლობის მიზეზი გახდა.


“ჩვენ უნდობლობას და დაუმორჩილებლობას ვუცხადებთ ხელისუფლებას, რადგანაც ოქრუაშვილმა ჩვენს წინააღმდეგ ომი გამოაცხადა და 27 ივლისს ხეობაში შემოჭრას გეგმავს“, – იტყობინება “ინტერპრესნიუსი“ ემზარ კვიციანის სიტყვებზე დაყრდნობით.


მოგვიანებით 22 ივლისს კვიციანმა “რუსთავი 2“-ს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ “ნებისმიერ შეიარაღებული ძალა, რომელიც ხეობაში შემოვა, მოგერიებული იქნება“.


2005 წლის ივლისში, მას შემდეგ რაც “მონადირე“ გაუქმდა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა შენაერთის წევრებს კრიმინალურ საქმიანობაში დასდო ბრალი. “როგორც მთავრობის წარმომადგენელს, შემიძლია განვაცხადო, რომ კოდორის ხეობაში განხორციელდება ანტიკრიმინალური ოპერაციები, რათა ხეობა გაიწმინდოს იმ ბანდიტებისგან, რომლებიც იქ აფარებენ თავს“, – განაცხადა მინისტრმა გასულ წელს. თუმცა, მას შემდეგ არ გავრცელებულა რაიმე ინფორმაცია ან მინიშნება იმაზე, რომ ხეობაში პოლიციის ან რაიმე სხვა ტიპის ოპერაცია იგეგმებოდა.


“რაც ხელისუფლებაში ეს ახალი მთავრობა მოვიდა, მე ვგულისხმობ მერაბიშვილს, ბოკერიას, ჩვენ ბანდიტებს და კრიმინალურ ბანდას გვეძახიან – ეს ის ტერმინია, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ რუსები და აფხაზები იყენებდნენ… დროა, აღვსდგეთ ამ ხელისუფლების უსამართლობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button