skip to content
ახალი ამბები

ლავროვო: შსკ-ს სხდომა ჩაიშალა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაგმო ქართული მხარის მიერ 14 ივლისს რუსი დიპლომატების ცხინვალში არშეშვება და განაცხადა, რომ თბილისის ქმედებებმა ჩაშალა შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა, რომელიც 17 ივლისს თბილისში იგეგმებოდა. 


“ვფიქრობ, რომ საქართველოში არიან “ომის პარტიის“ წარმომადგენლები, რომელთაც საქართველოს პრეზიდენტი ვეღარ აკონტროლებს. მოვითხოვთ რუსი დიპლომატების და სამშვიდობოების სტატუსის შესახებ შეთანხმებების შესრულებას“, – განაცხადა ლავროვმა 16 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.


“ომის პარტიის ამ წარმომადგენლებმა უკვე მიაღწიეს შსკ-ს სხდომის ჩაშლას, რომელიც ხვალ იყო დაგეგმილი“, – დასძინა მან.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ამიერიდან მოსკოვის მიდგომა იქნება, რომ შსკ-ს სხდომები გაიმართოს “ქალაქში, სადაც დაცული იქნება უსაფრთხოება და იქნება ელემენტარული პატივისცემა მხარეებს შორის“.


რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 14 ივლისის ინციდენტს ანალოგიური ინციდენტი მოყვა ასევე 15 ივლისს, როდესაც შსკ-ში რუსეთის მხარის წარმომადგენლის იურო პოპოვის და რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილის ვალერი ევნევიჩის მანქანა ქართველმა სამართალდამცავებმა გორი–ცხინვალის გზაზე გააჩერეს.


ვალერი ევნევიჩმა რუსულ ტელეკომპანია ORT-ს განუცხადა, რომ ქართველი სამართალდამცავები ძალიან უხეშად იქცეოდნენ და რამდენჯერმე ჰაერშიც კი გაისროლეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button