ახალი ამბები

ცხინვალში მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ცხინვალში 14 ივლისს მომხდარი აფეთქების შედეგად ორი მოზარდი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


ამავე ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ერთ–ერთი გამოჩენილი დამცველის ბალა ბესტაუტის საცხოვრებელ სახლთან მდებარე ხეზე. ბესტაუტი თვითგამოცხადებული რეგიონის თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურია.


ბოლო ერთი კვირის მანძილზე ეს უკვე მეორე აფეთქებაა ცხინვალში. 9 ივლისს მომხდარი პირველი აფეთქების შედეგად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ოლეგ ალბოროვი დაიღუპა.


“ასაფეთქებელი მოწყობილობა და ტერაქტის ხელწერა იდენტურია სამხრეთ ოსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ოლეგ ალბოროვის წინააღმდეგ განხორციელებული აფეთქების“, – აცხადებს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურმა მარატ კულახმეტოვმა “რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ ცხინვალში მომხდარი ტერორისტული აქტები სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად, “რომელიც ისედაც ძალიან დაძაბულია”.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ ბალა ბესტაუტი სამხრეთ ოსეთის ოფიციალური პირების იმ შავ სიაში შედიოდა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული წლის ნოემბერში გამოაქვეყნა.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ განაცხადა, რომ ალბოროვის მკვლელობა “პოლიტიკური ტერორის“ დემონსტრირება და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ძალაუფლებისთვის შიდა ბრძოლის შედეგი იყო.  


ცხინვალის აფეთქებას წინ უძღოდა რუსეთის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები ქართული მხარის მიერ დაგეგმილი მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ. 


12 ივლისს რუსულმა მედიამ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო რამდენიმე დღეში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში პროვოკაციის მოწყობას გეგმავდა.


“ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია უსაფუძვლოა, რადგანაც სხვა შემთხვევაში ეს იქნება სისხლისღვრის განახლების ნიშანი“, – განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს მოსკოვში.

“ჩვენ პირველად არ ავღნიშნავთ, რომ ქართული მხარე შეიძლება გარკვეულ ძალისმიერ აქციებს ამზადებდეს“, – დასძინა მან.


მან ამის დასტურად დაასახელა სამხედრო ბაზის მშენებლობა კონფლიქტის რეგიონთან ძალიან ახლოს, ასევე კოლექტიური ძალების შემადგენლობაში ქართული კონტიგენტის ძალიან ხშირი როტაცია არსებული შეთანხმებების გვერდის ავლით.


“ეს იმისთვის კეთდება, რომ რაც შეიძლება ბევრმა სამხედრომ კარგად შეისწავლოს კონფლიქტის ზონა“, – განაცხადა ლავროვმა.


ცხინვალმა ორივე აფეთქებაში თბილისი დაადანაშაულა. თუმცა, ოფიციალური თბილისი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ქართული მხარე არ არის დაინტერესებული სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის გამწვავებაში. სანაცვლოდ, ქართულმა მხარემ ცხინვალში მომხდარ ტერორისტულ აქტებში რუსული სპეცსამსახურები დაადანაშაულა.


“რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ სამხრეთ ოსეთში პროვოკაციებს რუსული მხრიდან უნდა ველოდოთ, განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის შეერთებული შტატებში ვიზიტის ფონზე“, – განუცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ 13 ივლისს ჟურნალისტებს.


 

Back to top button