
ეუთომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის ახალი პროგრამა დაამტკიცა
1 ივლისს ეუთოს მუდმივი საბჭოს 29 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობათა გაძლიერების ახალი პროგრამა ამოქმედდა.
“მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პროგრამის განხორციელება დაიწყება 2006 წლის 1 ივლისს და 2007 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება საბოლოო დასრულებით 2007 წლის 15 ივლისს“, – ნათქვამია მუდმივი საბჭოს გადაწყვეტილებაში.
ეუთო 2006 წლის 1 ივლისი–26 დეკემბრის პერიოდში1,933,300 ევროს ოდენობით ბიუჯეტს გამოყოფს ახალი პროგრამის განსახორციელებლად.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე იქნა მიღებული, რასაც ქართული მხარე მიესალმება.
სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის ეკა გიგაურის განცხადებით, ახალი პროგრამის მიზანია სასაზღვრო უწყებაში სასწავლო პროცესის გაუმჯობესება და გადამზადების სისტემის სრულყოფილად ჩამოყალიბება.
“პროგრამა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ეუთოს ექსპერტების მიერ ქართველი ტრენერების მომზადება, გადამზადების სისტემის მართვის უზრუნველყოფა და მესამე სეგმენტია, სპეცდანიშნულების რაზმებისა და ავიაციის სამაშველო ოპერაციების ევროსტანდარტებამდე ამაღლება“, – განუცხადა 1 ივლისს ეკა გიგაურმა “სივილ ჯორჯიას“.
ეუთომ საქართველოს სასაზღვრო სისტემისათვის ახალი პროგრამა დაამტკიცა მაშინ, როცა ვადა ეწურება [ივლისის ბოლოს] ქართველ მესაზღვრეთა წრთვნის წინამორბედ პროგრამას, რომელიც ასევე ეუთოს ეგიდით 2005 წლის აპრილიდან ხორციელდება.