
ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
გალში 30 ივნისს გამართულ ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დროს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება განიხილეს, იტყობინება “აფსნიპრესი“.
ქართულ და აფხაზურ მხარეებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეუთოს, საქართველოში გაეროს მისიის და დსთ-ს სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა, ასევე გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების სახელით მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთის, საფრანგეთის და რუსეთის საელჩოების წარმომადგენლებმა.
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს კოორდინატორთა ერთობლივი ჯგუფების მექანიზმის გამოყენების საჭიროებას. ეს მექანიზმი კონფლიქტის ზონაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ქართული და აფხაზური მხარეების მიერ გალში 24 ივნისს გამართული შეხვედრის დროს ჩამოყალიბდა.
კოორდინატორებს დაევალათ სამუშაო ჯგუფის მომავალი შეხვედრისთვის შეიმუშავონ სამოქმედო გეგმა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და ნდობის აღდგენის მიზნით.
შეხვედრის დასკვით ოქმში მხარეები მიესალმნენ სამუშაო ჯგუფის, როგორც უსაფრთხოების საკითხებზე ეფექტური მექანიზმის, საქმიანობის აღდგენას.
“აფსნიპრესის“ ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შემდგომი შეხვედრა სექტემბრის პირველ ნახევარში გამართონ.
ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც ხუთწლიანი პაუზის შემდეგ მაისში განაახლა მუშაობა, უსაფრთხოების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების და ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე მუშაობს. საბჭოს ფარგლებში ამ სამივე მიმართულებით სამუშაო ჯგუფები ფუნქციონირებენ.