ახალი ამბები

დონორი ქვეყნები სამხრეთ ოსეთის რეაბილიტაციისთვის 10 მილიონ ევროს გამოყოფენ

დონორი ქვეყნები ეუთოდან 14 ივნისს ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული რეაბილიტაციისთვის 10 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფენ.


ეს თანხა შემდეგნაირად ნაწილდება: ევროკომისია (2 მილიონი ევრო), ამერიკის შეერთებული შტატები (2 მილიონი დოლარი), შვედეთი (1 მილიონი ევრო), ბელგია (1 მილიონი ევრო), გერმანია (500 000 ევრო), ნიდერლანდები (500 000 ევრო), ნორვეგია (250 000 ევრო), ესპანეთი (200 000 ევრო) და ფინეთი (200 000 ევრო). ესტონეთი, თურქეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, გაერთიანებული სამეფო, ლიტვა, იტალია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ხორვატია, პოლონეთი და ანდორა თითოეული 150 000 ევროს გამოყოფს , იტყობინება ეუთოს პრეს-სამსახური.


სარეაბილიტაციო პროექტების შესახებ წინადადებათა პაკეტს საფუძვლად დაედო 2005-2006 წლებში საერთაშორისო, ქართველი და სამხრეთ ოსი ექსპერტების მიერ განხორციელებული საჭიროებათა შეფასება.   


კონფერენციას ასევე დაესწრნენ ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეები.


კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე კარელ დე გუხტი.


ევროკომისიამ განაცხადა, რომ ის მზად არის წინადადებათა ანალოგიურ პაკეტს 2007 წელსაც დაუჭიროს მხარი იმ პირობით, რომ პროექტების განხორციელება წარმატებულად წავა. 


რუსეთმა განაცხადა, რომ აპირებს მხარი დაუჭიროს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას სამი მილიონი ევროს ექვივალენტის მოცულობით. იგი ასევე ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ ამ თანხის ნაწილი მოხმარდეს სპეციფიურ პროექტებს ეუთოსთან შეთანხმებით, მათ შორის იმ პროექტებს, რომლებიც წინადადებათა პაკეტშია შესული.   


“ეს კონფერენცია არის ნიშანი ჩვენი რწმენისა, რომ რეგიონში შესაძლებელია მშვიდობის დამყარება“, – განაცხადა კარელ დე გუხტმა კონფერენციის დახურვისას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button